
რა ასაკისაა ბაგები? - ხანმოკლე გზა დიდებისკენ
ბაგები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი უბანია, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქტიურად განაშენიანდა. 1961 წელს, როგორც სოფლის ტიპის დასახლება დედაქლაქს შემოუერთდა. პერიფერიული სასოფლო-სამეურნეო ზონა დატვირთვას იძენს 1970-იანი წლებიდან, როდესაც აქ სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. 1980-იანი წლებიდან კი მისი დაგეგმარება და ურბანული განვითარება იწყება, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ფორმირებას თანამედროვე სახით. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაგების უბნის ისტორია დაახლოებით 4 ათეულ წელს ითვლის.
თავდაპირველად, ბაგებში ძირითადად მცირე ინდივიდუალური სახლები და აგარაკები იყო განთავსებული. 1990-იანი წლებიდან ვაკე-საბურთალოს შეძლებული კლასი იწყებს ბაგებში დასახლებას, რაც უბანს დიდ იმპულს აძლევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ დრომდე მაინც ვაკის თანამგზავრ უბნად მიიჩნეოდა (როგორც ვაკის რაიონის ნაწილი) და გადაჯაჭვული იყო მასზე. ამიტომ ბაგებში მცხოვრები ადამიანების იდენტობა მაინც ვაკესთანაა დაკავშირებული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ძალიან იშვიათად ვხვდებით ტერმინს "ბაგელი".
ბოლო 10-15 წლის მანძილზე უბანმა სულ უფრო პრესტიჟული სახე მიიღო. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ახლოს მდებარე ვაკის პარკი და კუს ტბა, ქალაქის ცენტრთან კარგი კავშირი – ეს ყველაფერი ბაგებს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საცხოვრებელ ზონად აქცევს. დღეს ბაგები ასოცირდება სიმყუდროვესა და ცხოვრების მაღალ ხარისხთან.
ბაგები განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უბანია, რომელმაც ბოლო რამდენიმე ათწლეულში მნიშვნელოვნად შეცვალა სახე. თუ ადრე ეს ტერიტორია ქალაქის პერიფერიად ითვლებოდა, დღეს იგი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი საცხოვრებელი ადგილია. მისი წარმატების მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობა, ეკოლოგიური გარემო და ელიტარული საცხოვრებელი პროექტებია, რაც უბანს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.