პირველი ბინა - როგორ შევარჩიოთ საცხოვრებელი სივრცე?
უძრავი ქონების შეძენა ადამიანის ცხოვრებაში სასიხარულო და ამავდროულად საკმაოდ საპასუხისმგებლო მომენტია. რამდენად ამაღელვებელიც არ უნდა იყოს ეს პროცესი, მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეთ და წინასწარ გაითვალისწინოთ უამრავი დეტალი. ერთი შეხედვით წვრილმანის გამოტოვებამ და ნაჩქარევმა გადაწყვეტილება სამომავლოდ შესაძლოა დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ. ამიტომ აუცილებლად დააკვირდით ბინის დადებით და უარყოფით მხარეებს რათა თქვენი ცხოვრების სტილზე ორიენტირებული სივრცე შეარჩიოთ.
ამ ბლოგში წარმოგიდგენთ და განვიხილავთ იმ ძირითად ფაქტორებს და კრიტერიუმებ, რის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ თქვენი პირველი ბინა. მაშ ასე დავიწყოთ:
ადგილმდებარეობა
ადგილმდებარეობის შერჩევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ეს არის გარემო, სადაც ყველაზე ხშირად მოგიწევთ დროის გატარება. შესაბამისად უნდა განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტი. მაგალითად თუ პატარა შვილები გყავთ, მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღი და სკოლა ახლო მანძილზე მდებარეობდეს. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ახლოსაა თუ არა საცხოვრებელი ბინა თქვენ სამსახურთან, არის თუ არა გარშემო მწვანე სივრცე, რაც მთავარია რამდენად უსაფრთხოა გარემო.
ინფრასტრუქტურა
დღეს გარემო უზარმაზარ როლს ასრულებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილის გაუმჯობესებას თუ გაუარესებაში. შესაბამისად დღევანდელ დატვირთულ ცხოვრების რიტმში, აუცილებელია ჯანსაღი და მარტივად მისადგომი ადგილი. კარგია, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება საცხოვრებელს კორპუსთან მცირე მანძილზე იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია სუპერმარკეტების, აფთიაქებისა და საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობა.
სართული
საცხოვრებელ კორპუსში ყველა სართულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, არსებობს რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ:
- თუ კორპუსის ირგვლივ მაღალი სახლებია, მაღალ სართულზე ბინის შერჩევა აზრს კარგავს, რადგან ლამაზი პანორამული ხედი სავარაუდოდ არ გექნებათ;
- ყურადღება გაამახვილეთ ბინის ირგვლივ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობასა და მწვანე სივრცეზე. თუ ახლომახლო გადატვირთული გზები არ არის, ეს სართულის არჩევანში უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევთ;
- კარგი იქნება, თუ დააზუსტებთ ბინის ევაკუაციის გეგმას და წყლის მომარაგების სისტემას.
გარემონტებული თუ გაურემონტებული ბინა
ეს ინდივიდუალური საკითხია, რომელიც მომხმარებელზეა დამოკიდებული. გაურემონტებელი ბინის შეძენას შესაძლებლობა გეძლევათ,სივრცე თქვენი გემოვნებით მოაწყოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახალ შენობაში ლიფტის ამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად სარემონტო მასალების და ტვირთის გადაზიდვა დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. გარემონტებული ბინის შერჩევისას თქვენ ფაქტობრივად არაფერზე არ გიწევთ ფიქრი და მხოლოდ საცხოვრებლად გადადიხართ. Ამ დროს კი მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სივრცე კარგად შეისწავლოთ, ნახოთ იატაკი, მილები, რადიატორები, ფანჯრები და მასალები, რომ დარწმუნდეთ ყველაფერი ხარისხიანად არის გაკეთებული და მოვლილი.
სარგებელი
უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებისას, სასურველია გათვალისწინოთ თუ რა სარგებელს მოგიტანოთ ბინა. შესაბამისად ჩნდება კითხვა ხომ არ დაეცემა მისი ფასი, შესაძლებელია თუ არა საჭიროების შემთხვევაში მისი მომგებიანად გაქირავება. რამდენად კომფორტული და მიმზიდველი ადგილმდებარეობა აქვს მას. ამ კითხვებზე პასუხის დახმარებით თქვენ არამხოლოდ კარგ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ სწორ სამომავლოდ ინვესტიციას განახორციელებთ.