
სოფლიდან ახალ ვაკემდე
ბაგები სწრაფად მზარდი და პრესტიჟული პატარა უბანია ვაკის რაიონში, თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ვაკის განაპირას მდებარე ეს დასახლება სულ უფრო პოპულარული ხდება, რის გამოც მას ხშირად "ახალ ვაკეს" უწოდებენ.
წარსულში ბაგები სოფლის ტიპის დასხლება იყო, სადაც წყნეთელ გლეხებს ჰქონდათ ბაღ-ბოსტნები. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც - "ბაგა" რაც ბოსელში საქონლის საკვების ჩასაყრელ ადგილს ნიშნავს. თბილისს შემოუერთდა 1961 წელს, ხოლო განაშენიანება დაიწყო 1980-იანი წლებიდან. უბნის არქიტექტორი ბ. მამინაიშვილია. საცხოვრებელი მასივი უნდა გაშენებულიყო წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ, რამდენიმე ტერასიდან ერთმანეთთან დაკავშირებული საცხოვრებელი კომპლექსების სახით. სამწუხაროდ სამუშაოები ბოლომდე ვერ დასრულდა. უბნის სავიზიტო ბარათად კი სტუდენტების საერთო საცხოვრებელი იქცა (მაღლივი კორპუსი აქ 1970-იან წლებში განთავსდა და ერთ-ერთი პირველი შენობა იყო).
დროთა განმავლობაში ბაგებმა თბილისის ცენტრალური უბნებიდან, მაღალი ფენის საზოგადოების მიგრაცია განიცადა. აქ აშენდა მრავალი კერძო სახლი და აგარაკი. ბაგების ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას იძლევა მაცხოვრებლებმა ისარგებლონ თბილისის ცენტრისთვის დამახასიათებელი ყველა ბენეფიტით და ამავდროულად მწვანე ზონებით. რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ვაკის პარკი, უნივერსიტეტები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. 2024 წელს გაიხსნა უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი 532 მეტრიანი ხიდი, რამაც უბნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინა.
თბილისი მომსწრე გახდა ე.წ. ბაგების სასწაულისა, უბნის მოსახლეობა უკანასკნელ პერიოდში თითქმის გაორმაგდა, ფასები კი წლიურ ჭრილში თითქმის 20%-ით გაიზარდა და დღეს 1 კვ.მ.-ის ღირებულება 5000 ლარს აჭარბებს.